“პოლიტმრიცხველი” იკვლევს პოლიტიკოსთა ქონებასა და საქმიანობას; აანალიზებს პოლიტიკური პარტიების მიერ გაცემულ დაპირებებს და მათი შედარების საშუალებას იძლევა. პროექტის მიზანია, საზოგადოებას პოლიტიკურ პროცესში მონაწილე პირებზე მეტი დეტალი მიაწოდოს და წინასაარჩევნოდ დაეხმაროს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.
ლიდერი: იაგო ხვიჩია, სანდრო რაქვიაშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ჰერმან საბო, აბესალომ დაბახიშვილი.
„ახალი პოლიტიკური ცენტრი“, შემოკლებული დასახელებით „გირჩი“, 2016 წელს დაფუძნდა და მისი ლიდერები იყვნენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, სანდრო რაქვიაშვილი და ჰერმან საბო. ჯაფარიძემ პარტია 2020 წელს დატოვა და დააფუძნა „გირჩი-მეტი თავისუფლება“. „გირჩის“ თავმჯდომარე 2018 წლიდან არის იაგო ხვიჩია.
„გირჩმა“ 2017 წელს პროექტი „ბიბლიური თავისუფლება“ დაიწყო, რომლითაც შექმნა ახალგაზრდების სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის დაღწევის მექანიზმი. ამავე წელს საკონსტიტუციო სასამართლომ გირჩის სარჩელი დააკმაყოფილა და კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „გირჩმა“ 4 მანდატი მოიპოვა.
„გირჩის“ განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვისთვის ყოველწლიურად გათვალისწინებულზე 100 მილიონი ლარით მეტი იხარჯება, მსგავსი გადახარჯვის გამო კი სახელმწიფო ხარჯების დაზოგვას ცდილობს, მოქალაქე კი — სისტემის მოტყუებას.
„გირჩის“ აზრით, მოქალაქეებმა თავიანთი ჯანმრთელობა, განათლების მსგავსად, პირადად უნდა დააფინანსონ.
ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲐ
„გირჩი“ აპირებს, გააუქმოს საერთო ეროვნული სასწავლო გეგმა და სკოლებს უფლება მიენიჭოთთ, თავად გადაწყვიტონ, თუ რა და როგორ ასწავლონ ბავშვებს. ნებადართული იქნება ბავშვისთვის სახლში აღზრდაც.
გარდა ამისა,უნივერსიტეტები სრულად გათავისუფლდებიან რეგულირებისგან, რადგან, რადგან, პარტიის აზრით, მთავრობის საქმე არაა, ერეოდეს ზრდასრული ადამიანების შეთანხმებაში, თუ რა როგორ ისწავლონ და რა როგორ ასწავლონ.
ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲨᲘ ᲘᲜᲢᲔᲒᲠᲐᲪᲘᲐ
როგორც „გირჩი“ აცხადებს, მათთვის პრიორიტეტულია ნატოში გაწევრება, რათა ბოლომდე უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი უსაფრთხოება. ეს მიზანი კი ამ ეტაპზე ევროკავშირში ინტეგრაციასა და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე გადის.
ამავდროულად, პარტიას მნიშვნელოვანად მიაჩნია პარტნიორებთან პრინციპული პოზიციების დაცვა და ისეთი შეთანხმებების მიღწევა, რომელიც არ გახდება ჩვენი ეკონომიკისთვის შემაფერხებელი ფაქტორი და პირიქით, დააჩქარებს იმ ფუნდამენტური ინსტიტუტების განვითარებას, როგორიცაა კერძო საკუთრება, სამართლიანი სასამართლო, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
ᲓᲔᲛᲝᲙᲠᲐᲢᲘᲐ
„გირჩი“ მიიჩნევს, რომ „ბელადებმა დაღუპეს ჩვენი ქვეყანა. ერთპიროვნული მმართველობა არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა. ამიტომ, შინაარსობრივად ჩვენ ზუსტად რომ ძალაუფლების კონცენტრაციას ვებრძვით, როგორც მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, ასევე ცალკეულ სფეროებში.
ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემთხვევაში, ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს პოლიტიკურ კონკურენციას, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის დაწევისა და სიტყვის თავისუფლების ნაწილში.
ᲔᲚᲘᲢᲣᲠᲘ ᲙᲝᲠᲣᲤᲪᲘᲐ
„გირჩის“ შეფასებით, კორუფცია არის ცუდი კანონების შედეგი და ამიტომ, მასთან ბრძოლას კანონებთან ბრძოლის გზით აპირებს. როგორც პარტია აცხადებს, ბიუროკრატებს გადამეტებულ ძალაუფლებას კანონები აძლევს, რაც შემდეგ იწვევს კორუფციას.
კორუფციასთან ბრძოლის აუცილებელ ნაწილად გირჩს ბიუროკრატიის შემცირება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ხალხისთვის დაბრუნება მიაჩნია.
ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐ/ᲡᲘᲦᲐᲠᲘᲑᲔ
საყოველთაო საბაზისო შემოსავალი - „გირჩის“ აზრით, სწორედ ამ გზით შეიძლება დასრულდეს საქართველოში უკიდურესი სიღარიბე. როგორც პარტია აცხადებს, საყოველთაო საბაზისო შემოსავალი სისტემაა, რომელშიც ყველა მოქალაქე, მიუხედავად მისი შემოსავლების, სოციალური სტატუსისა და ასაკისა, იღებს ყოველთვიურ ფიქსირებულ თანხას მთავრობისგან.
ᲐᲒᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ "ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲙᲐᲜᲝᲜᲘ"
„გირჩი“, გამარჯვების შემთხვევაში, აპირებს, გააუქმოს ეს და სხვა „კიდევ უფრო მავნებლური კანონები“, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.
ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ
„გირჩის“ აზრით, ადამიანები ჯარში მხოლოდ ნებაყოფილობით უნდა მსახურობდნენ.
პარტია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზად მიიჩნევს მაღალი ანაზღაურების, ახალი ახალი შეიარაღების მქონე პროფესიულ ჯარსა და სათანადო მომზადებულ მრავალრიცხოვან რეზერვს, რომელიც ნებაყოფლობით არის დაკომპლექტებული.
როგორც „გირჩი“ აცხადებს, ამ მიზნის მისაღწევად, ისინი გაზრდიან თავდაცვის ბიუჯეტს ნატოს სტანდარტების შესაბამისად და ეს ფული დაიხარჯება ხელფასების ზრდასა და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვაზე.
ᲛᲘᲣᲙᲔᲠᲫᲝᲔᲑᲔᲚᲘ ᲛᲐᲠᲗᲚᲛᲡᲐᲯᲣᲚᲔᲑᲐ
არჩევითი მოსამართლეები და ნაფიც მსაჯულები
როგორც „გირჩი“ აცხადებს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო დამოუკიდებელი და სათანადო რეპუტაციის მქონე სასამართლოს ჩამოყალიბება იმიტომ, რომ პოლიტიკოსები თავად არ სარგებლობენ ადამიანების ნდობით და მათ არ შეუძლიათ საკუთარი ნდობის მოსამართლეებისათვის გაზიარება.
ᲐᲓᲒᲘᲚᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲗᲕᲘᲗᲛᲛᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲑᲐ
„გირჩის“ შეფასებით, საქართველოში ცენტრალიზებულია ყველა სფერო — გადაწყვეტილებები მიიღება თბილისში ერთი პირის, უკეთეს შემთხვევაში, პირთა შეზღუდული წრის მიერ, სკოლის დირექტორი ვინაობა და ცალკეული პოლიციელების დანიშვნებიც კი თბილისში თანხმდება.
პარტია აცხადებს, რომ მათ მიზანია, ძალაუფლების რაც შეიძლება უფრო ფართო დეცენტრალიზაცია მოხდეს და დაპირებების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.